About Us

ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება შეიქმნა 2021 წლის 28 დეკემბერს.

  • წევრის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს  ნებისმიერ ქართველ და არაქართველ  მეცნიერს, რომელიც მუშაობს  და დაინტერესებულია ქართველოლოგიის მიმართულებით (იხ. რეგისტრაციის ბმული).
  • ნებისმიერ დროს შესაძლებელია წევრის სტატუსის შეწყვეტაც; ამისათვის საკმარისია  მხოლოდ საკუთარი  სახელისა და გვარის მითითება  შემდეგ ბმულზე: წევრის სტატუსის შეწყვეტა;  შედეგად, აღარ მიიღებთ ყოველკვირეულ სიახლეებს სამეცნიერო ღონისძიებათა შესახებ.

ჩვენი მიზანია, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, შევკრიბოთ და ფართო საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისი ნაშრომები, ასევე გავაგრძელოთ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელთანაც მეცნიერი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით იყო დაკავშირებული.   დასახული მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოების მუშაობაში გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

1. ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო-პედაგოგიური თუ პუბლიცისტური ნააზრევის მომზადება სისტემური გამოცემისათვის;  აქ გათვალისწინებულია როგორც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში არსებული პუბლიკაციები, ისე აქამდე გამოუცემელი მასალები, კერძოდ:

- სოციალურ ქსელში განთავსებული სტატიები და  ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც ღირებულია ტარიელ ფუტკარაძის, როგორც პიროვნების, მოქალაქის, მასწავლებლის, საბჭოთა იდეოლოგემებისაგან თავისუფალი ქართველოლოგიის განვითარებისა და  ქართველთა ერთიანობისათვის მებრძოლის, წარმოსაჩენად;

- დღიურები, რომლებსაც ტარიელ ფუტკარაძე წლების განმავლობაში ქმნიდა; ეს ჩანაწერები, ასახავს რა ერთი ქართველი კაცის თავგადასავალს,  ამავდროულად წარმოადგენს  უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს ჩვენი უახლესი ისტორიის შესასწავლად.

2. ტარიელ ფუტკარაძის ავტორობითა და რედაქტორობით მომზადებული სახელმძღვანელოების მიხედვით, ქართული ენის კურსების / პროგრამების შემუშავება-ამოქმედება:

- საქართველოს მოქალაქეებისათვის;

- საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველებისათვის, რომლებიც არიან ამჟამინდელ თურქეთსა და ირანის პროვინციაში - ფერეიდანში;

- უცხოელებისათვის.

3. ტარიელ ფუტკარაძის ჩანაფიქრის მიხედვით, სხვადასხვა სახელმძღვანელოს (ქართული ენა, ქართული ენის სტილისტიკა...) მომზადება;

4. აქტიური თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან, რომლებიც ორიენტირებული არიან ტარიელ ფუტკარაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების  ჩატარებით;

5. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, სადაც წარმოდგენილი იქნება საზოგადოების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში;

ვიმედოვნებთ, საზოგადოების საქმიანობა ხელს შეუწყობს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის მეცნიერული და მოქალაქეობრივი ორიენტირების პოპულარიზებას და ქვეყნის საიმედო მომავალი თაობის აღზრდას.

 

სამეცნიერო კონსულტაცია:

  • ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო  საზოგადოების წევრთა პირადი ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში საზოგადოების დამფუძნებლები  აქტიურად მართავენ შემდეგი სახის უფასო კონსულტაციებს  (თანამშრომლობის შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნაა ა(ა)იპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების ლოგოსა და დასახელების მითითება ინსტიტუციის, ჟურნალის ან კონფერენციის ვებგვერდზე):
  • მეცნიერის პირადი გვერდის რეგისტრაცია  სამეცნიერო პორტალებსა და ბაზებში  (მაგ., ORCID, Google Scholar, Scopus/Elsevier, Web of Science,  ResearchGate და სხვ).
  • სამეცნიერო-აკადემიური ჟურნალების   რეიტინგულ ბაზებში  (SCOPUS, DOAJ, ERIH Plus, EBSCO, Index Copernicus და სხვ.) რეგისტრაციის პროცედურისათვის მომზადება;
  • ქართველოლოგიური ინსტიტუტების სამეცნიერო ღონისძიების დისტანციურ, უწყვეტ რეჟიმში წარმართვის მიზნით  ულიმიტო ZOOM-ის ბმულით უზრუნველყოფა;
  • ქართველოლოგიური   ჟურნალების რედაქტორთა სურვილის საფუძველზე სტატიების შემოწმება პლაგიატის სისტემაზე;
  • ქართველოლოგიური    ჟურნალების, საკონფერენციო მასალებისა და მონოგრაფიების DOI-ის კოდით უზრუნველყოფა  (კრებულის რედაქტორთა სურვილის შემთხვევაში).
  • მიმდინარე პერიოდისათვის   DOI-ის კოდი ენიჭება ERIH PLUS-ში რეფერირებულ ორ სამეცნიერო ჟურნალს:
         1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი – ქართველური მემკვიდრეობა (ERIH Plus-ის ბმული: https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=502345 );
         2. ინგლისური ენის პედაგოგთა ასოციაციისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი –  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ონლაინჟურნალი ETAGTSU   (ERIH Plus-ის ბმული:https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=505773 );
  • ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო  საზოგადოების სამეცნიერო-ინტელექტუალური  მხარდაჭერით გამოდის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული (იხ. ვებვერდი:    https://yearbook.openjournals.ge/index.php/kly/issue/view/650)