2013-04-13/Journalist Anna Davitashvili
2013-04-13 /Journalist Ana Davitashvili: Interview (in Georgian) with Tariel Putkaradze on the perspectives of the development of Kartvelology
Source: Studinfo (Contact: studinfo.ge@aris.ge )
- ბატონო ტარიელ, რას გვეტყვით უკანასკნელ წლებში ქართველოლოგიის განვითარების შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და რამდენად ცნობილი და აღიარებულია ქართველი ქართველოლოგების თეორიები საერთაშორისო ასპარეზზე?
საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია ბოლო 200 წლის განმავლობაში. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება თანამედროვე მეცნიერება. შესაბამისად, ქართველოლოგიაში ბევრი დებულებაა, თუ იდეოლოგება შეიქმნა რუსეთის იმპერიის ინტერესების მიხედვით. ასევე, რუსული გზით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ეს “ქართველოლოგიური” დასკვნები ინერციით დღემდე გაბატონებულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, თანამედროვე ქართველოლოგიისთვის განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთის იმპერიის მიერ შექმნილი ისტორიულ-ტერიტორიული იდეოლოგემების კრიტიკული ანალიზი; ასევე, აუცილებელია აფხაზ, ოს და სხვა მეცნიერებთან ერთად ერთობლივი კვლევების განხორციელებით ენათმეცნიერების, ისტორიოგრაფიის, ეთნოლოგიისა და სხვა მომიჯნავე დარგების გათავისუფლება იდეოლოგიზებული დებულებებისგან. უკვე იწყება მეცნიერული ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი შედეგების გატანა უცხოეთში, თუმცა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ სერიოზული რესურსებია გამოსაყოფი. სამწუხაროდ, მსოფლიოს წამყვან ენციკლოპედიებსა თუ ცნობარებში საქართველოს ეთნიკურ-ენობრივი თუ პოლიტიკური ისტორია დამახინჯებულადაა წარმოდგენილი. იმპერიული რუსეთის საინფორმაციო მანქანის გარდა, ამას აპირობებს ისიც, რომ ბოლო პერიოდამდე დასავლეთში ძალიან სუსტი იყო ქართული დიასპორა. მაგ., მეზობელი ერების წარმომადგენლები ევროპული თუ ამერიკული გვარების მიღების შემდეგ ათას სუბიექტურ მოსაზრებას ავრცელებდნენ საქართველოს საზიანოდ…
- როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ახლო ურთიერთობები გაქვთ თურქეთსა და ირანში მცხოვრებ ქართველებთან. რა პროექტებს ახორციელებთ ერთად?
ჩემი მიზანია, ირანისა თუ თურქეთის სახელმწიფოთა საზღვრების პატივისცემის ფონზე, ხელი შევუწყო თურქეთის მოქალაქე ავტოქთონი თუ მუჰაჯირი ქართველების, ასევე, ირანში გადასახლებული და მაზანდარანსა თუ ფერეიდანში ჩასახლებული ქართველების შთამომავლებს ხელი შევუწყო, შეინარჩუნონ თუ აღიდგინონ ქართული ენობრივი და ეთნიკური იდენტობა. ამ მიმართულებით მე ვთანამშრომლობ არა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებთან, არამედ თურქ, ირანელ, ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთანაც. მოკლედ, ჩემი პროექტები მოიცავს დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ხასიათის თემატიკას.
- უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ქართული ანბანი სომხურისგან წარმოიშვა. ქართველები ამ თეორიას უარვყოფთ. რითი ვამტკიცებთ ქართული ანბანის სომხურისგან დამოუკიდებელ წარმოშობას? რომელ საუკუნეში ვარაუდობთ ქართული ანბანის შექმნას?
ქართული ანბანი უიშვიათესია მსოფლიოში იმით, რომ ენის ფონემებს ძალიან ზუსტად შეესაბამება გრაფემები; ანბანის ავტორი არა მხოლოდ დიდი ენათმეცნიერი იყო, არამედ მან ზედმიწევნით იცოდა ქართული ენა. ის უცხოტომელი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, სომეხი ურაპატრიოტების მცდელობა, რომ ქართული ანბანი მესროპ-მაშტოცის შექმნილად გამოაცხადონ, წარუმატებელია ორი მარტივი მიზეზის გამო: 1. ივ. ჯავახიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა და დაადგინა, რომ კორიუნის შრომაში მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია მერმინდელი ჩანართია; კერძოდ, მსგავს ინფორმაციას არ იცნობს V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპელი, რომელიც კარგად იცნობდა კორიუნის თხზულებას, მაშტოცს მიიჩნევდა მხოლოდ და მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად. ამის შესახებ ასევე, არაფერია ნათქვამი სომეხი ისტორიკოსების ფავსტოს ბუზანდისა (V ს.) და მხითარ აირივანელის (XIII ს.) ნაშრომებში. პირიქით, აირივანელი ქართული დამწერლობის შემქმნელად ფარნავაზს ასახელებს. ქართული ანბანის სომხურისგან წარმომავლობას დღეს სერიოზულად აღარავინ განიხილავს; თუმცა, სამწუხაროდ, ზოგ დასავლურ ენციკლპედიაში ქართული კულტურის შესახებ ისევ საბჭოური თეორიებია გაბატონებული.
- საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ბაგრატიონების სომხური ბაგრატიდების დინასტიიდან წარმოშობის შესახებ… საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში ესეც აღიარებული ფაქტია.
ძველ მემატიანეთა ლეგენდარული ცნობებით ქართველი ბაგრატიონებიც და სომეხი ბაგრატიდებიც ბიბლიური დავითის შთამომავლები არიან. რაც შეეხება რეალურ ისტორიასა და ფაქტებს: ქართველი ბაგრატიონების ფუძემდებლად ითვლება სპერის მკვიდრი – ქართლის პირველი ერისმთავრის – გუარამ პირველის (კურაპალატის) მამა – ბაგრატი. გუარამი ერისმთავრობდა (მეფობდა) 575-590 წლებში. შემდეგ პერიოდში ქართლად წოდებულ სამხრეთ საქართველოში ბაგრატიონები უწყვეტად მეფობდნენ; კერძოდ: სტეფანოზ I (590-605), გუარამ II (619-678), ვარაზბაკური (678-705), ნერსე (705-742), ადარნასე (742 – 780), აშოტ I კურაპალატი (786-809). ამ ფონზეა საინტერესო შემდეგი ფაქტი: სომეხი ბაგრატიდების დუძემდებლად ითვლება აშოტ I ბაგრატუნი, რომელიც გამეფდა 886 წელს და გარდაიცვალა 891 წელს; მისმა მემკკვიდრეებმა იმეფეს 1045 წლამდე – ბიზანტიის მიერ სომხეთის დაპყრობამდე. აშკარაა, რომ ქართველი ბაგრატიონები უფრო ადრე ფიქსირდებიან, კერძოდ, ქართველი აშოტ I გამეფდა სომეხი ბაგრატიდების ფუძემდებელის – აშოტ პირველის – გამეფებამდე 100 წლით ადრე. მეტი ალბათობით, სწორედ ბაგრატიონების ქართული შტო შეიძლება იყოს სომხური ბაგრატიდებისთვის ამოსავალი; პირიქით გამორიცხულია: შვილიშვილისგან ბაბუა ვერ დაიბადებოდა. აშკარაა ისიც, რომ ქართველი ბაგრატიონები თითქმის 1000 წლით მეტხანს მეფობდნენ… თუკი ლეგენდებს დავუჯერებთ და დავუშვებთ, რომ ბაგრატიონებიც და ბაგრატიდებიც ბიბლიური დავითისგან მოდიან, საქმე სხვაგვარად დგება… ფაქტი ერთია, ბაგრატიონები სიცოცხლისუნარიენები აღმოჩნდნენ – რუსეთის იმპერიის მიერ ძალაუფლების წართმევამდე განაგებდნენ საქართველოსაც და კავკასიის დიდ ნაწილსაც (სომხეთის დიდი ნაწილის ჩათვლით).
- ბატონო ტარიელ, რას გვეტყვით გარდაბნის ეტიმოლოგიის შესახებ? აზერბაიჯანული ვერსიით, გარდაბანი თითქოს აზერბაიჯანული წარმოშობისაა…
აზერბაიჯანელები ერთ-ერთ თურქულ ტომს წარმოადგენენ. თურქები კავკასიაში მხოლოდ რამდენიმე საუკუნის წინ დამკვიდრდნენ; ვინმე ჰაჯიხალილოვი ტოპონიმ გარდაბანს უკავშირებს XIX 30-იან წლებში გაჩენილ დასახლებას – “ყარაიაზს”; აზერბაიჯანელი ურაპატრიოტებს არ მოეწონებათ ის ფაქტი, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებში “გარდაბანი” დასტურდება X საუკუნიდან და ნიშნავს ქალაქის (თბილისის) გარე უბანს – თბილისის აგარებს; შესაბამისად, “გარდაბანი” ვერანაირად იქნება თურქულენოვანი წარმოშობის ტოპონიმი. სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ვერსია, რომ “გარდაბანი” შეიძლება მომდინარეობდეს კავკასიის ალბანეთის პროვინციის – გარდმანის – სახელისგან. კავკასიის ალბანელები ქართველთა მონათესავე ხალხია და გამორიცხული არაფერია, თუმცა, უფრო არგუმენტირებული ჩანს მოსაზრება, რომ გარდაბანი მომდინარეობს კომპოზიტისგან: გარდა უბანი და ნიშნავს “გადაღმა უბანს”, “გადაღმა აგარებს”. ეს მოსაზრება ეკუთვნის ცნობილ ენათმეცნიერს, აკაკი შანიძეს.
- არაერთხელ მსმენია მეზობელი ერის წარმომადგენლებისგან, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან. საიდან აქვთ მსგავსი ინფორმაცია?
მეზობელი ერების წარმომადგენლებს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი დეზინფორმაციაა მსოფლიოს ბევრ ენციკლოპედიაში; მაგ., მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2012 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ენები (/ეთნოსები): აზერბაიჯანელები – 308 000, ასირიელები (აისორები) – 3 000, აფხაზები – 101 000, ბაცბები – 3 420, ბერძნები – 38 000, ლაზები – 2 000, მეგრელები – 500 000, ოსები – 100 000, რუსები – 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) – 15 000, სომხები – 448 000 , ურუმები – 97 746, ქართველები – 3 901 380, ქართველი ებრაელები – 20 000, ქურთები – 40 000. ასეთი მცდარი ინფორმაციაც საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მსგავსი კვალიფიკაციები ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან იღებს სათავეს და ინერციით დღემდე ვრცელდება. ვრცელდება საქართველოს განათლების სამინისტროსა თუ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩემთვის გაუგებარი პასიურობის გამო… მეტიც, არაიშვიათად, საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით აგროვებული ბიუჯეტის ფული ისეთი პროექტების დაფინანსებას ხმარდება სამინისტროს მიერ, რომლებიც წყალს ასხამენ მსგავს დეზინფორმაციებზე. იმედია, ახალი ხელისუფლება გადახედავს ამ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარ სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოლიტიკას.
- რას ითვალისწინებს „ენის ევროპული ქარტია“ და რამდენად სამართლიანია ამ ქარტიის საფუძველზე მოთხოვნა სომხური ენის რეგიონულ ენად აღიარების შესახებ?
“ენის ქარტია” დიდებული დოკუმენტია; ქარტიის მამების მიზანი იყო, ამ ქარტიით დაცულიყო საფრთხის ქვეშ მყოფი მცირე ხალხების ენები – ისტორიული ეთნიკური უმცირესობის ენა, მაგ., ესპანეთში – ბასკების ენა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ენათა რაოდენობა 5000-ს აღწევს, სახელმწიფო კი 300-მდეა, გასაგები გახდება “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის” მიზანი. „ენის ქარტიის“ მამებმა ასევე გაითვალისწინეს სეპარატიზმისა და თავსმოხვეული კონფლიქტების რისკები და “ენის ქარტიაში” ჩაწერეს რამდენიმე არსებითი სხვა პუნქტიც; კერძოდ: 1. “ენის ქარტია“ არ მოიცავს მიგრანტთა ენებს” (მუხლი I, ა, II), და, შესაბამისად, “ენის ქარტიის” მიზანი არ არის უმცირესობის ენობრივი უფლებების ჩამოყალიბება. 2. “ენის ქარტია” არ მოიცავს სახელმწიფო ენას, მის ადგილობრივ სახესვაობებსა და დიალექტებს; ამ ქარტიით ნაგულისხმევი “ენები უნდა მკაფიოდ განსხვავდებოდეს იმ ენის ან ენებისაგან, რომელზეც სახელმწიფოში მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობა საუბრობს. ქარტიის დებულებები არ ეხება ერთი ენის ადგილობრივ სახესხვაობებსა თუ დიალექტებს, თუმცა ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის ესა თუ ის ფორმა ჩაითვალოს ცალკე ენად. (32-ე განმარტება). ანუ, ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის ესა თუ ის ფორმა ჩაითვალოს ცალკე ენად; 3. “ქარტიის დებულებები მოიცავს მხოლოდ უმცირესობაში მყოფი მცირე ხალხების ისტორიულ ენებს – უმცირესობაში მყოფი ავტოქთონი მოსახლეობის – ძირძველი მოსახლეობის – ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე” (31 განმარტება)… შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალქალაქი-წალკის მხარეში სომხები ჩამოასახლა რუსეთის იმპერიამ 1829 წელს, მათ ვერ მივიჩნევთ ავტოქტონებად და რაც უფრო მთავარია, საქართველოში სომხური ენა არ დგას გაქრობის საფრთხის ქვეშ, მეტიც, სომხური ენა დაცულია არამხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, არამედ საქართველოს კანონმდებლობითაც; იხ., მაგ., “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა”, რომელიც შემუშავდა “ჩარჩო კონვენციის” საფუძველზე. ამ დოკუმენტითაც მაქსიმალურადაა დაცული სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი თუ სხვაენოვანი უმცირესობების ენობრივი უფლებები განათლების, მასმედიის და სხვა მიმართულებებით.
- და ბოლოს, როგორ გესახებათ არაქართული მოსახლეობის ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში?
დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არავინ იჩაგრება ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით; ასე იყო ისტორიულადაც. ეს ცნობილი ფაქტია. ინტეგრაციის სრულყოფილების გზაზე კი გადასაჭრელია მხოლოდ ერთი უმთავრესი ამოცანა: საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ენის ცოდნითა და სახელმწიფო ენაზე განათლების ხელმისაწვდომობით. თანამედროვე სამყაროში ცხოვრება უთუოდ მოითხოვს სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიღებასა და გაცემას; თუკი ადრეულ საუკუნეებში ეს აუცილებელი არ იყო, დღეს სახელმწიფო ენის არცოდნა მეტად აბრკოლებს ინტეგრაციის პროცესს. სახელმწიფო ენის ფლობის პირობებში საქართველოს მოქალაქე არაქართველებს მეტად გაუიოლდებათ ტოლერანტი ქართველი ერის გვერდით ცხოვრება.
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის!
ანა დავითაშვილი